საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე აჭარაში ოპოზიციის ლიდერი იქნება. ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმში, თამარის დასახლებაში სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან ერთად თამარის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე სოციალური სახლი უსახლკარო ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის ინიციატივით შენდება. ორი ცხრასართული კორპუსის დასრულება დეკემბრისთვის იგეგმება.
"სოციალური სახლის მშენებლობა ვარშალომიძის ინიციატივით დაიწყო. დევნილებისთვის მთელი კვარტალი ავაშენეთ. ახლა რამდენიმე კორპუსი შენდება. დაგეგმილი იყო რამდენიმე ათეული კორპუსის აშენება, რათა ბათუმი ბარაკებისგან მთლიანად დაიცალოს. აქ უნდა ჩასახლდნენ ეკომიგრანტები და ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აჭარაში სამშენებლო პროცესი არ შეჩერებულა და ვარშალომიძეს და მისი გუნდს სასწაულს ახდენდნენ. პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა. მადლობა გადაუხადა ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს ძველ შემადგენლობას.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ოპოზიციაში არიან და ვარშალომიძე ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი იქნება.