დღეს, 29 ოქტომბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გამართავს პრესკონფერენციას თემაზე: არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობა
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი და ცენტრის ფსიქოლოგი მაია ცირამუა პრესკონფერენციაზე მედიას გააცნობენ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ამჟამინდელ მდგომარეობას. ასევე, საუბარი იქნება ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალურ №11 დაწესებულებაში 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის, ე. წ. "ბუნტის" წინაპირობებისა და შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემაზე და აღნიშნულ „ბუნტში" ბრალდებულ არასრულწლოვანთა ახლანდელ მდგომარეობაზე.
GCRT მოითხოვს, გადაიხედოს ე.წ. ბუნტში მონაწილე არასრულწლოვნების საქმეები და სასწრაფოდ მოხდეს მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა პირობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. ცენტრი ასევე, სთხოვს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, გასაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართ და უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების სააღმზრდელო დაწესებულებად ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება არასრულწლოვანთა განვითარებაზე.
პრესკონფერენციაზე გავრცელდება GCRT-ის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი.