რუსეთის დუმის დეპუტატი "სპრავედლივაია როსია"დან ილია პონომარიოვი აცხადებს, რომ ფილს "პროტესტის ანატომია-2"-ის მასალები შესაძლოა ჟურნალისტებს საქართველოს წარმომადგენლებმა მისცეს.
"კონკრეტულად ვინ - ამის მტკიცემას არ დავიწყებ. რატომ უნდა დავადანაშაულო ადამიანი, როდესაც რაიმე ზუსტად არ ვიცი. მე ვვარაუდობ რომ გაჟონვა იყო იქიდან - საქართველოდან", _ აცხადებს პონომარიოვი და აღნიშნავს, რომ მისთვის ჯერ მის თანაშემწესთან ლეონიდ რაზვოჟაევთან შეხვედრის უფლება არ მიუციათ. რაზვოჟაევი სწორედ ამ ფილმთან დაკავშირებული დეტალების გამო არის დაპატიმრებული. მისივე თქმით, მისი თანაშემწის ინტერესებს ოთხი ძალიან ძლიერი ადვოკატი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ტელეეთერით გასული ფილმის "პროსტესტის ანატომია-2" -ის შემდეგ მასში მონაწილე პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ფარულ ვიდეოჩანაწერს წარმოადგენს რუსეთის ოპოზიციური "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი საქართველოს პარლამენტის წევრს გივი თარგამაძეს ხვდება და რუს სამართალდამცავთა განმარტებით, მისგან მოსკოვსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში არეულობების მოწყობის ინსტრუქციებს იღებს. მათივე მტკიცებით, თარგამაძე რუსეთის ოპოზიციას ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება.