პატიმრობიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ საქმის გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავს
"მოვითხოვ იმ ე.წ ჩანაწერების გადახედვასაც, რომელიც 2007 წლიეს 7 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება და რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩატარებულა, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება", - აღნიშნა გამსახურდიამ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის ინფორმაციით, გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა. მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გვიან ღამით გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ.