"პრეზიდენტის სიტყვაში არ ჩანდა იმის კვალი, რაც ბოლო დროს მოხდა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას.
,,პრეზიდენტის სიტყვაში არ ჩანდა იმის კვალი, რაც ბოლო დროს მოხდა გარდა იმისა, რომ ერთმა პარტიამ წააგო მეორემ მოიგო, მაგრამ რატომ წააგო ერთმა, ან რატომ მოიგო არჩევნებზე მეორე პარტიამ ამ კითხვაზე პასუხი მიხეილ სააკაშვილის თავის გამოსვლაში არიდებული ჰქონდა. Pპრეზიდენტს ამ კითხვაზე პასუხი, რომ გაეცა მაშინ მოუწევდა სწორედ იმის თქმა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო სწორედ იმის გამო, რომ ძალაუფლება ერთი კაცის ხელში იყო. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაში არ ჩანდა ის მორალურ-ზნეობრივი მხარე, რაც ბოლო პერიოდში მოხდა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საყვარელიძემ.
მისვე განცხადებით, პარლამენტის სხდომა მთლიანობაში ნორმალურად ჩაიარა.
"პარლამენტის სხდომამ ჩაიარა ნორმალურად. დავით უსუფაშვილის გამოსვლა ძალიან კარგი პოლიტიკური დონის გამოსვლა იყო. იგი შეეფერებოდა სწორედ იმ ტრიბუნას, რომელზეც იდგა", _განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისის ახლად აშენებულ საკანონმდებლო ორგანოში უკვე გაიმართა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.