"ეჭვები მაინც რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება საზოგადოება გარანტირებული, რომ ,,იმედი" მთლიანად ჩამოშორდა სახელისუფლო გავლენას", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჟურნალისტმა ია ანთაძემ, ტელეკომპანია ,,იმედის' პატარკაციშვილის ოჯახზე გადაცემის კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, პატარკაციშვილის ოჯახზე ,,იმედის" გადაცემით სამართლიანობა აღდგა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანთაძემ განაცხადა ეს ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო.
,,ტელეკომპანიის გადაცემა პატარკაციშვილის ოჯახზე მოულოდნელი იყო, რადგან ვფიქრობდით, რომ დამატებით სასამართლო პროცესები იქნებოდა საჭირო. მოგეხსენებათ, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი არველძე ტელევიზიის დათმობას არ აპირებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი სწორად იყო გაფორმებული", _ განაცხადა ანთაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კულუარული პროცესები მიმდინარეობს.
"ფაქტია, რომ შიდა კულუარული პროცესები მიმდინარეობს, რომლის შესახებ მხოლოდ კონკრეტული შედეგებით ვიგებთ. Aამიტომ გაჭირდება თქმა, თუ რა მოხდება ტელეკომპანიაში. ეჭვები მაინც რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება საზოგადოება გარანტირებული, რომ ,,იმედი" მთლიანად ჩამოშორდა სახელისუფლო გავლენას", _ განაცხად ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ია ანთაძემ.
ანთაძემ იმედი გამოთქვა, რომ ,,იმედი" დამოუკიდებელ ტელევიზიად ჩამოყალიბდება.
,,ჩვენ, თუ მივიღებთ ახალ ტელევიზიას, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური ინტერესებისაგან და იქნება მედიაბიზნესის ნაწილი და განვითარდება დამოუკიდებელ ტელევიზიად, ეს კარგი იქნება", _ განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედს" " ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა დაუბრუნდა. ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელი 2011 წლის 29 დეკემბრიდან ჰყავდა. ამ პერიოდიდან ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" ითვლებოდა.