დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 21-ე კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც კონგრესის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. კონგრესის სესიაზე დაგეგმილია სახელმწიფო მეთაურების, პრემიერ-მინისტრების, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლა.
ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე იმსჯელებენ და პარტიის ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.
ბუქარესტში მიმდინარე კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.