"სახალხო კრების" დარბაზი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გატარებული ძალადობრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გამო უნდა დადგეს პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მის უმაღლეს პირებს აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.
"1-ელ ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებით დაიწყო მოძალადე რეჟიმის დემონტაჟის პროცესი და გაჩნდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენის, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის რეალური პერსპექტივა", - აღნიშნულია განცხადებში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო უკიდურესად მძიმე და არადემოკრატიული, არჩევნები მიმდინარეობდა სერიოზული გაყალბებითა და ძალადობით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო წუთამდე ყველაფერს აკეთებდა გამარჯვების გასაფორმებლად. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გატარებულმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ და წლების განმავლობაში ამ პოლიტიკის წინააღმდეგ უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა, მისი და მისი მხარდამჭერების ძალისხმევამ, სწორად გათვლილმა სტრატეგიამ, ხალხის ერთსულოვნებამ და ერთად დგომამ მაინც უზრუნველყო მშვიდობიანი გამარჯვება.
"დაარსების პირველი დღიდან მოყოლებული ყოველთვის "სახალხო კრება" სიტყვითაც და საქმითაც თანმიმდევრულად აქტიურად იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის არჩევნების პროცესშიც - ჩვენი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები სრული შემადგენლობით იბრძოდნენ ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
"სახალხო კრება" მიიჩნევს, რომ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურისტების, ადვოკატებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან უმოკლეს ვადაში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პოლიტიკური და უკანონო პატიმრებისა და დევნილების საკითხის ეფექტურად გადასაწყვეტად, რათა უდანაშაულო ადამიანები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
სახალხო კრება" მიმართავს ახლად არჩეულ პარლამენტს, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში შეიქმნას 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
"სახალხო კრება" მიიჩნევს, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას. უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური რევანში და ანგარიშსწორება, თუმც აუცილებლად უნდა დადგეს ყველა იმ პირის სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ქვეყანაში უნდა დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომის არსებობა და დადგეს კანონის უზენაესობის ერა.
"სახალხო კრება" თხოვნით მიმართავს "სახალხო კრების" დარბაზის წევრებს , მხარდამჭერებს, ექსპერტებს, ერთი თვის განმავლობაში წარმოადგინონ მოსაზრებები "სახალხო კრების" სამომავლო მოქმედების შესახებ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისა და განვითარების პროცესს. "სახალხო კრება" მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გატარებული ძალადობრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გამო დადგეს პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მის უმაღლეს პირებს აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.