"თუ ვინმე ნახავს და მოისმენს სადმე, რომ სააკაშვილს, ვიდრე ის პრეზიდენტად მოვიდოდა, ქურდის წინააღმდეგ ოდესმე რამე აქვს ნათქვამი, ბოდიშს მოვიხდი", - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა სტუდია "ნიუგრუპის" გადაცემა "ღია სტუდიაში" განაცხადა.
"მთავრობის სხდომაზე გამოვედი და ვთქვი, რომ "თქვენ - მთავრობა, ათამამებთ ქურდებს. ესენი არიან კურდღლები. ამათ არაფრის გაკეთების თავი არ აქვთ. საშიშია არა ქურდი, არამედ ის პოლიტიკოსი, რომელიც ქურდებით მოვიდა პოლიტიკაში, ქურდებზე დგას პოლიტიკაში", - განაცხადა შაშიაშვილმა და დასძინა: "ამას დაემატა ის, რომ ქურდებთან ბრძოლით უნდოდა პოლიტიკაში დარჩენილიყო".
"იუსტიციის მინისტრი იყო სააკაშვილი და ერთი ხმა არა ამოუღია არასოდროს - როდესაც მე ონიანზე ვლაპარაკობდი... სააკაშვილია ის პიროვნება, რომელიც ონიანს შეხვდა საფრანგეთში, ბარსელონაში, შეხვდა თბილისში. ვარდების რევოლუციის მეორე დღეს ორი ადამიანი ჩამოვიდა თბილისში - რუსი ბიზნესმენი ბერეზოვსკი და ონიანი", - აცხადებს შაშიაშვილი.
შაშიაშვილი იმასაც იხსენებს, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ მას უფლებათადამცველები.
"ქალბატონი ლალი აფციაური ღამის სამ საათზე შემომივარდა კაბინეტში. რას ვაკეთებდი მე? აეროპორტში ქურდი თუ ჩამოვიდოდა, მას ხვდებოდა რამდენიმე ჟურნალისტი და ეკითხებოდნენ: "თქვენ ქურდი ხართ?" - კითხვას უსვამდნენ. რა, არის ამაში რაიმე უკანონობა? თუ ის ეტყოდა, არ ვარ ქურდი, გადასცემდნენ ტელევიზიით - რომ ამ კაცმა თქვა - არ ვარ ქურდი. თუ იტყოდა, რომ ვარ ქურდი, ეტყოდნენ, წამობრძანდით პოლიციაში, რატომ ეძახით თქვენს თავს ქურდს, რა გააკეთეთ და ა.შ.. რა არის ამაში უკანონო? ეს სააკაშვილმა ჩათვალა ჩემ მიერ არასწორ ქმედებად, ადამიანის უფლების დარღვევად და ადამიანის უფლებათა დამცველი თხუთმეტი-ოცი ქალი გამომიგზავნა. აგერ არის ქალბატონი ლალი აფციაური და მითხრას, რომ ეს არის ადამიანის უფლებთა დარღვევა, როცა აეროპორტში ჩამოსულ ქურდს ეკითხებით - ხარ თუ არა ქურდი", - განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია რამდენიმე პირი, რომლებიც ონიანთან იყვნენ დაკავშირებული.
"სააკაშვილმა ჯართის ბიზნესი ერთ მათგანს ჩააბარა. უნივერისტეტიც მას ჩააბარეს. ბაზრობაც მას ჩააბარეს. ვისზე ლაპარაკობს სააკაშვილი?" -აცხადებს შაშიაშვილი და სააკაშვილისა და ონიანის კავშირებზე კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს.
შაშიაშვილის თქმით, მისი იმერეთის გუბერნატორობისას ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ონიანმა იყიდა, რაზედაც მან სასამართლოში იჩივლა, ხოლო იმჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ "არ შეიძლება ქარხანა სახელმწიფოსი იყოსო. მე უცხოეთში ვიყავი, ჩამოვედი და გაყიდული დამხვდა ქუთაისის სავატომობილო ქარხანა".
"აღმაშენებლის ქუჩაზე (ქუთაისში. რედ) ქურდს ჰქონდა აშენებული სახლი. მე ვიჩივლე. იუსტიციის სამინისტრო წავიდა წინააღმდეგი და თქვა - კანონიერად აქვს აშენებულიო. მოვიდნენ ესენი (ნაციონალური მოძრაობა. რედ). მერე წაართვეს ეს სახლი და პოლიცია გახსნეს", - აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, - " ახლა რომ ლაპარაკობენ ერთ პიროვნებაზე, ნემსიწვრიძეზე, ეს არის ის პიროვნება, რომელსაც, სამწუხაროდ, მეუფე კალისტრატემ და სხვებმა ხელი მოუწერეს და ბაგრატზე ააშენებინეს სახლი - პროექტზე მოუწერეს ხელი... იუსტიციის სამინისტრო, ყველა მებრძოდა... მე როგორც კი წავედი გუბერნატრობიდან, დაწერეს, მერე რა, ქურდი რომააო და დაამთავრებინეს სახლი. ესენი ლაპარაკობენ ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაზე?" - აცხადებს შაშიაშვილი.
მისი თქით, სააკაშვილმა ონიანის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო განცხადებების კეთება, რაც მას ესპანეთში შეექმნა პრობლემები.
"ყველა, ვისაც ქურდი ჰქვია, არაკაცებიი იქნებიან თუ ქართულ სახელმწიფოს ხელს შეუშლიან და ჩამოსვლას დაიწყებენ. თუ ესენი ჩამოვლენ ამ პერიოდში, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლებაა, არის ამათი ჩამოყვანილი, მერე რომ თქვან - ჩამოვიდნენო", - აცხადებს შაშიაშვილი სტუდია "ნიუგრუპის" გადაცემა "ღია სტუდიაში".