საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ვარდების რევოლუციის ბევრი მონაპოვარი, შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ახალ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობასთან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს.
"ჩვენ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვითანამშრომლოთ, რომელიც კარგი და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, ხოლო პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თვალი არ უნდა დავხუჭოთ და ხმა ავიმაღლოთ, თუმცა, ვფიქრობ, კონსტრუქციულად და საქმის მიმართ ორიენტირებული მიდგომით. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ვარდების რევოლუციის ბევრი მონაპოვარი, შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ, გისურვოთ წარმატება იმ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რომელსაც აწარმოებთ აქ, ჩვენს ყველაზე საყვარელ ქალაქში იმ საინტერესო გარემოებაში, რომელშიც ყველანი ერთად აღმოვჩნდით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.