"რუსეთის თვალში ბიძინა ივანიშვილის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის სააკაშვილი არ არის", _ ეს განცხადება ევროსაბჭოს ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში იანა კობზოვამ გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რუსეთი საერთოდ უარს აცხადებდა კონტაქტზე, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერი მიიჩნევა ისეთ ადამიანად, რომელთანაც "საუბარი შეიძლება".
"სააკაშვილი რუსეთისთვის საერთოდ მიუღებელია, მას არანაირი შეფუთვით არ აღიქვამენ", _ განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ მართალია ივანიშვილთან პოლიტიკური დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ ის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არავითარ სერიოზულ ძვრამდე არ მივა.
"იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს, ივანიშვილმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. მოსკოვისთვის ეს საქართველოს მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებაა, რაზედაც ივანიშვილი არ წავა", _ განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველოს წინა და ახლანდელ მთავრობას ბევრ რამეში მსგავსი პოზიციები აქვთ.
ექსპერტის ვარაუდით, საქმე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების კუთხით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ქართული ღვინოების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე შორს არ წავა.