ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისწევრი დათა ქაჯაია „ლეგენდის" კლასში ევროპის თასის (LEGENDS CARS CUP) მფლობელი გახდა. ქაჯაია საფრანგეთიდან სამშობლოში დღეს ღამე, 03:00 საათზე ჩამოფრინდება, აეროპორტში კი მას ჟურნალისტებთანერთად გულშემატკივრები, საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენლები და ავტომოყვარულები დახვდებიან.
ქაჯაიასთან ერთად სამშობლოში მეორე ქართველი მრბოლელი კოტე კოლიაშვილიც დაბრუნდება, რომელიც ევროპის თასის გათამაშებაში პრესტიჟული მეშვიდე ადგილის მფლობელი გახდა.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის ინფორმაციით, ქაჯაიამ 7 ეტაპის რბოლის შედეგად 805 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსანი მოწინააღმდეგე სრული 37 ქულით ჩამოიტოვა.ევროპაში მიღწეული წარმატების მიუხედავად,ქაჯაიას საქართველოს ჩემპიონობისთვის კიდევ სამი რთული რბოლა ელის,რომლებიც 21, 28 ოქტომბერს და 4 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება.
„დათა ქაჯაია ევროპის თასის გამარჯვებულია და ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. იგი არის პირველი ქართველი მრბოლელი, რომელიც ევროპის თასის მფლობელი გახდა.მეორეს მხრივ კი, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველ მრბოლელებს შეუძლიათ ნებისმიერი რანგის ჩემპიონატი მოიგონ,"-აცხადებს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
ევროპის თასის მოსაპოვებლად 7 ეტაპად დაყოფილი რბოლები ევროპის სხავადსხვა ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნითი ეტაპი კი 14 ოქტომბერს საფრანგეთში გაიმართა, სადაც ევროპის თასის მოსაპოვებლად ქართველ მრბოლელთან ერთად, ევროპის საუკეთესო პილოტები ასპარეზობდნენ.
„ევროპის ჩემპიონატზე იმ მიზნით გავემგზავრე, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის გამოცდილება გამეღრმავებინა, თუმცა პირიქით გამოვიდა. ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე უფრო ძლიერი კონკურენციაა, ვიდრე ევროპის თასის გათამაშებაზე და სწორედ სამშობლოში მიღებული გამოცდილება დამეხმარა გამარჯვების მოპოვებაში,"-აცხადებს ევროპის თასის მფლობელი დათა ქაჯაია.
ჩემპიონატმა სტარტი 2012 წლის აპრილში აიღო, 7 ეტაპად ჩატარდა და 13-14 ოქტომბერს საფრანგეთში ,,ლედენონ''-ის სარბოლო ტრასაზე დასკვნითი ეტაპით დასრულდა.