იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მომავალი გეგმები გააცნო. წულუკიანის განცხადებით, მან რამდენიმე დოკუმენტი უკვე მიიღო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თეა ბურჯალიანისგან, რომელსაც გულდასმით გაეცნო.
მისი განცხადებით, დოკუმენტებში იუსტიციის სახლების ხარჯთაღრიცხვა ასევე, მინისტრისა და მოადგილეების ხელფასების რაოდენობა დაფიქსირებული არ არის. თუმცა, როგორც წულუკიანი აცხადებს, მინისტრისა და მოადგილეების ხელფასები არ აინტერესებს.
"დოკუმენტები, რომლებიც წამოვიღე ქალბატონი თინა ბურჯალიანისგან, არის რამდენიმე სახის. ერთი არის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე იუსტიციის სახლი აშენებულია და 13-მდე იუსტიციის სახლი უნდა აშენდეს სხვადასხვა რაიონში, მაგრამ ხარჯთაღრიცხვა და რაიმე დეტალური ინფორმაციები ამ დოკუმენტში არ არის. ორშაბათიდან დავიწყებ კონკრეტული კითხვების დასმას, თუკი მათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი ექნებათ. მეორე დოკუმენტი არის სტრუქტურა, რომელიც საჯარო არის და ვებგვერდზეც დევს. არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც არის საშტატო ნუსხა თავისი ხელფასებით, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა პოზიციას აქვს ხელფასი მითითებული, გარდა მინისტრისა და მოადგილეებისა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ამის შესახებ ორშაბათს კითხვის დასმას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო", - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, როგორც იუსიტიციის მინისტრი, პირველი, რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და საქართველოს მოქალაქეების სარჩელებისგან სტრასბურგის სასამართლოს განმუხტავს.
"პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩავალ სტრასბურგში და განვმუხტავ იქაურობას. 2000-მდე ჩვენი სარჩელია. მე და "ქართული ოცნების" გუნდი შევქმნით ისეთ სასამართლოს, რომ მართლმსაჯულებამ აქვე იზეიმოს და მოსამართლეებმა აქვე გამოიტანონ სამართლიანი განაჩენი. ჩვენს მოქალაქეებს ასე ხშირად არ უნდა უწევდეთ სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა", - განაცხადა მან.