გაეროს მეშვეობით სირიის სიტუაციის გადაწყვეტის ძებნა არაპროდუქტიული აღმოჩნდა. აშშ არ უნდა დალოდებოდა, რუსეთის მხრიდან თანხმობას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიდან პოლ რაიანმა, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული ტელედებატების დროს.
დებატებისას მისი მონაწილეები შეეხნენ აშშ-ის პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას და საგარეო პოლიტიკას.
"იმის ნაცვლად, რომ ასადისთვის რეფორმატორი გვეძახნა, ჩვენ უნდა გვემუშავა სირელ დისიდენტებთან ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე. ჩვენ არ უნდა დავლოდებოდით, რუსეთის მწვანე შუქს, რათა რაღაცის კეთება დაგვეწყო", - განაცხადა რაიანმა.
მისივე თქმით, დროში გაჭიმული ომი შესაძლებლობას აძლევს ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა "აქ- ქაიდა" შეაღწიოს ქვეყანაში.
"თუ ბაშარ ასადის რეჟიმი არ დაემხობა ეს გააძლიერებს ირანის პოზიციებს რეგიონში", - განაცხადა რაიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არავინ აპირებს სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანას და ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება.
ბაიდენმა კი თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ოპონენტები ბევრს საუბრობენ სირიაში თეთრი სახლის პოლიტიკის ჩავარდნაზე, მაგრამ არავითარ ალტერნატიულ გზებს თავად არ სთავაზობენ.
ბაიდენი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს არსებულ ვითარებაში მორიგო ომის წარმოება სავსებით არ სჭირდება.