ტრანსპროტის პროფკავშირი სამარშრუტო ხაზების სფეროში ქაოსის საშიშროებას ხედავს. მათი ინფორმაციით, თბილისში, #42 ავტობუსის მძღოლს ბადრი ქაშიბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ყვითელი ავტობუსის მძღოლს ორი უცნობი პირი გაუსწორდა.
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებს აქვს ინფორმაცია, რომ ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე ზეწოლას - ხაზების ყოფილი მეპატრონეები ახდენენ და უკანონოდ ხაზის ქირის თანხის მათთვის გადახდას ითხოვენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა მგზავრთა დაცვის უფლებადამცველი ორგანიზაციაც, რომლის დამფუძნებლებიც ის ადამიანები არიან, რომლებიც 18 წლის განმავლობაში მიკრო ავტობუსების ეგრეთწოდებულ ბიზნესს აკონტროლებდნენ. ისინი ღამით ავტოფარეხებში დადიან და მძღოლებს მოუწოდებენ არ დაემორჩილონ ახალ სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც ტენდერში გამარჯვცების შემდეგ სფეროს მართავენ. აღსანიშნავია, რომ ძველ მმართველებს დღემდე სახელმწიფოს მიმართ მილიონიანი დავალიანება მართებთ.
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებისა და უწყებებისგან - დაუყოვნებლივ მოხდეს მძღოლების ცემის და მუქარის ფაქტების გამოძიება და აღმოფხვრა.