რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერმა "მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა დაკითხვისას, რომელიც ფილმ "პროტესტის ანატომია-2"-ში წარმოდგენილ ფაქტებს ეხებოდა, საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტი დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ დაკითხვისას უდალცოვმა დაადასტურა, რომ მას 2012 წლის ზაფხულში საქართველოს მოქალაქეებთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ვინაობაც არ დაასახელა, თუმცა ერთ ერთ მათგანს გიორგი ვასილის ძეს უწოდებდა. ამასთან ერთად უდალცოვმა განმარტა, რომ მისი მიზანი მოძრაობა "მემარცხენე ფრონტისათვის" ლეგალური დაფინანსების მიღება იყო.
მარკინი ასევე აცხადებს, რომ უდალცოვი უარყოფს საქართველოს მოქალაქეებთან მოსკოვისა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონების ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო საკითხების განხილვას.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ტელევიზიამ, კერძოდ ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-მ "მრავალრიცხოვან მაყურებელთან თხოვნით" ფილმ "პროტესტის ანატომიის" გაგრძელება გაუშვა ეთერში, რომლიც რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს ეძღვნება. კერძოდ, "პროტესტის ანატომიის" მეორე ნაწილი ოპოზიციური "მემარცხენე ფრონტის" ლიდერს სერგეი უდალცოვს ეძღვნება: იგი დადანაშაულებულია დაფინანსებისა და ინსტრუქციების მიღებაში ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის მხრიდან, რევოლუციის მომზადების საკითხში.
აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული ფილმის ეთერში გაშვების შემდეგ მედიისათვის გაკეთებულ კომენტარში უდალცოვმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანს, რომლის სახელი და გვარი გივი თარგამაძეა იგი არასოდეს შეხვედრია.
"მე ასეთი სახელი არც კი გამიგონია, რა უნდა დაემონტაჟებინათ მათ იქ გაუგებარია", _ აცხადებდა უდალცოვი.
მასალის გამოყენების პირობები