რუსეთის ფედერაციის საბჭოში "სამთავრობო საათზე" სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატო რუსეთისგან საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას 2008 წლის საზღვრებში მოითხოვს.
"ახლა ჩვენი პარტნიორები ნატოდან, მსჯელობენ რა ევროპაში შეიარაღების კონტროლის აღდგენაზე, ჩვენგან მოითხოვენ საუბრისათვის წინასწარი პირობის სახით ვაღიაროთ საქართველოს სუვერენიტეტი 2008 წლის საზღვრებში და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებაში დავბრუნდეთ. ეს აბსოლუტურად არარეალური პირობებია, რომლებიც ერთობლივ მუშაობას აზრს უკარგავს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა "სამთავრობო საათზე".
ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ნატოელი პარტნიორები, რომლებმაც აქამდე ვერ გამოიტანეს დასკვნები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან ბოლოს და ბოლოს ამგვარ დასკვნას მაინც გააკეთებენ და აღიარებენ, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკები მსოფლიოს პოლიტიკური რუკის განუყოფელი ნაწილი გახდა".
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკები მსოფლიოს პოლიტიკური რუკის განუყოფელი ნაწილი გახდა. რუსეთისადმი მოწოდებები გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს მათი აღიარების შესახებ მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვერა და ვერ გააკეთეს დასკვნები 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც მიხეილ საკააშვილი ავანტიურაზე წავიდა, აშკარად გაბრუებული ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. იმედს ვიტოვებთ, რომ დასკვნები მაინც იქნება გაკეთებული", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.