ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, - აცხადებს მოძრაობა "თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელა.
"შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები გვაიძულებს დავადასტუროთ ჩვენი ერთხელ უკვე გაკეთებული შეფასება: „ნაცმოძრაობა" გაცილებით საშიში გახდა", რომ ერთი წელი პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი ეს არის ქვეყნის ნგრევის გაგრძელება, დესტაბილიზაციის ფაქტორი და სააკაშვილის მიერ, ერთის მხრივ, უკვე ჩადენილი დანაშაულებებისა, და, მეორეს მხრივ, ძალაუფლებისადმი მისი სიყვარულის გამო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების დიდი საფუძველი.
სამწუხაროდ, არ მიიღო სათანადო მხარდაჭერა ჩვენმა წინადადებამ, „ნაცმოძრაობის" გასამართლებისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების თაობაზე, რომელიც 5 ოქტომბერს გავაკეთეთ.
მის შემდგომ განვითარებული მოვლენების საფუძველზე არა თუ ვადასტურებთ ჩვენს იმ საგანგებო განცხადებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას, არამედ კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით ვამბობთ: მიხეილ სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას.
პარტია, რომელიც ასე ერთსულოვნად იცავს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არა ერთ-ერთ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში ბანდიტიზმის მამამთავრის გაყალბებულ დეპუტატობას, ამზადებს ძალიან საშიშ მოვლენებს, რომელთა განვითარებისათვის სჭირდება სწორედ მამა-შვილ ახალაიების მსგავსი სამხრეებიანი და უსამხრეებო არამზადები.
პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით დადასტურებულია, რომ რამდენიმე, უპირველესად ძალოვანმა, მინისტრმა (ადეიშვილი, შაშკინი, ახალაია, ეზუგბაია), უამრავმა მინისტრის მოადგილემ, მთელმა რიგმა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა და ქვეყნის მართვის ე.წ. ფარული კომიტეტის წევრმა ქვეყანა დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ დღეს, პრეზიდენტის აპარატი ყალიბდება, როგორც ქვეყნის გარეთ გაქცეულ მაღალჩინოსანთა და ქვეყნის შიგნით დარჩენილ „ნაცმოძრაობის" ნარჩენების ფარული კომიტეტი ორხელისუფლებიანობის რეალურად მისაღწევად.