თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მუშაობას ოქტომბრის ბოლოდან განაახლებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეატრის მმართველმა პაატა გულიაშვილმა განუცხადა, თელავის თეატრი 26 ოქტომბერს სპექტაკლ „ფარსების" პრემიერით გაიხსნება.
„თეატრის რეაბილიტაცია ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ არ ვიცით როდის დასრულდება და ამიტომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას. რაც მთავარია, შიგნით დასრულებულია ყველაფერი. 2 პრემიერა უკვე მზად გვაქვს, პირველი პრემიერა 26-27 ოქტომბერს გაიმართება, შემდეგ კი სპექტაკლი ყოველ პარასკევს იქნება," - განუცხადა პაატა გულიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
მისივე თქმით, ბილეთის ღირებულება 2-3 ლარი იქნება.
პაატა გულიაშვილი თელავის თეატრის მმართველად 2012 წლის 4 ივნისს დაინიშნა. მანამდე, 2010 წლის 22 ივნისიდან თეატრს მსახიობი დუტა სხირტლაძე ხელმძღვანელობდა. სხირტლაძის მმართველობის პერიოდში თელავის თეატრი პარალიზებული იყო. კულტურის მინისტრმა ის თანამშრომლებთან ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ 2012 წლის 14 მაისს გაათავისუფლა.