რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი "კომერსანტთან" საუბარში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გადახედვის ინიციატივაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული მრავალი კანონი რეალობას არ შეესაბამება და კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.
"არ გამოვრიცხავ, რომ "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გადაიხედოს". წინა ხელისუფლების მიერ მიღებული მრავალი კანონი რეალობას არ შეესაბამება და კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადახედილი იქნება, მათ შორის ეს კანონი. მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის მიერ ერთობლივი კონსულტაციების გავლის შემდეგ იქნება მიღებული. კონსუტაციებში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის პარტია - გვინდა მოვისმინოთ მათი არგუმენტები იმის შესახებ თუ რატომ მიიღეს მათ თავის დროზე ეს კანონი და რისი მომტანია ის ქვეყნისათვის", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშმნავს, რომ კანონი მთლიანობაში გაუქმებული არ იქნება, მაგრამ მისი დასახელება შეიცვლება.
"კანონი მთლიანობაში გაუქმებული არ იქნება, მაგრამ შეიცვლება მისი დასახელება. "ოკუპაცია" - ზუსტი განმარტებაა იმისა რაც ხდება, მაგრამ ჩვენ დეიზოლაციაზე ვლაპარაკობთ. ჩვენი აზრით ეს კანონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლაციას უწყობს ხელს. უნდა დავფიქრდეთ თუ როგორ შევძლებთ ამ იზოლაციისგან თავის დაღწევას",_ აცხადევს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი.
ამას გარდა, ზაქარეიშვილი ასევე აცხადებს, რომ მას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი აფხაზ და ოს კოლეგებთან კონტაქტი და მით უფრო ახლა ამ კონტაქტების გაგრძელებას აპირებს.
"რა თქმა უნდა ვგეგმავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტებს, მხოლოდ მას შემდეგ რაც მე თანამდებონბაზე პარლამენტი დამამტკიცებს. მე არასოდეს გამიწყვეტია კავშირი აფხაზ და ოს კოლეგებთან, მაგრამ ახალ რანგში ნებისმიერი ნაბიჯი საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა შევათანხმო. მხოლოდ მათი შუამავლობით დაიგეგმება შეხვედრები",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ სოხუმში ან ცხინვალში ჩასვლა მისი თვითმიზანი არ არის.
"მთავარია იყოს სურვილი ორივე მხრიდან ხოლო შეხვედრის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს", _ აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.