,,გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურაც პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდება", _ განაცხადა ,,მე-9 არხის" ეთერში თავდაცვის მინისტობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ.
მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნება" გაერთიანებული შტაბის უფროსის შეცვლის შესახებ ინფორმირებული იყო. როგორც ალასანიამ "მთავარ კითხვაში" განაცხადა, ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მოქმედი ხელისუფლებისგან სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე მიიღეს.
მისივე განცხადებით, გაერთიანებული შტაბის უფროსად გიორგი კალანდაძის დანიშვნა მიუღებელია.
"ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე მოქმედი მთავრობა იღებს და ჩვენ არ ვუშლით ხელს, რომ ეს პერიოდი ჩაატარონ ისე, როგორც სურთ. ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე შეიცვლება ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი. გაერთიანებული შტაბის უფროსს ნიშნავს პრეზიდენტი, რადგან ის არის ჩვენი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. თუმცა, ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზეც, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურაც პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდება", - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბს გიორგი კალანდაძის დანიშვნამდე დევი ჭანკოტაძე მეთაურობდა.