10-11 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, 21-ე რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებების ამ რაუდში, წინასწარ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ორი, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დელეგაციები და რუსეთის ფედერაციის ფედერაციის დელეგაცია.
როგორც ცნობილია, სეპარატისტები მოლაპარაკებების ამ რაუნდზედაც აპირებენ, დააყენონ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. ისინი რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ პროექტს უჭერენ მხარს, რომელშიც საქართველოს რეგიონები ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტებადაა წარმოდგენილნი.
ჟენევის მოლაპარაკებათა პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმებასთან ერთად, ოსი სეპარატისტები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხსაც დააყენებენ.
მეორე სამუშაო ჯგუფში კი დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხის განხილვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა წინა, მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართა.