სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი ინვესტორებისთვის სირთულეებს არ შექმნის. როგორც კახა ბაინდურაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, ახალ ხელისუფლებას საკუთარი პროგრამა ახალ მსხვილ ხარჯებზე აქვს აგებული, რასაც ეკონომიკური ზრდითა, თუ ხარჯების გადანაწილებით მიაღწევს.
- როგორ ფიქრობთ როგორ აისახება ინვესტორებზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები?
- საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. ქვეყანაში შედგა დემოკრატიული არჩევნები; ნებისმიერი ინვესტორისთვის ის ფაქტი, რომ ქვეყანას შეუძლია ნორმალური, დასავლური არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა სტაბილურია და შესაბამისად მათ ინვესტიციების განხორციელება შეუძლიათ.
- გარკვეულწილად, ხომ არ იქონიებს გავლენას ბიზნესზე ხელისუფლების გადაცემის პროცესი?
- ჩვენ ვხედავთ, რომ საბანკო სისტემა სტაბილურია, ინფლაცია და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები კონტროლს ექვემდებარება, სახელმწიფო ინსტიტუტები განაგრძნობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. ამ პირობებში ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ინვესტორებისთვის სირთულეებს არ შექმნის.
- როგორია თქვენი პროგნოზი, რა შეიცვლება ბიზნესისათვის ხელისუფლებაში კოალიციის მოსვლით?
- რთულია დღეს ამაზე მსჯელობა. მათი პროგრამა ძირითადად ფართო საზოგადოებაზე იყო გათვლილი; პროგრამის მიხედვით, ახალ მსხვილ ხარჯებზე აქვთ ვალდებულებები აგებული, რასაც გადასახადების გაზრდით, ეკონომიკური ზრდითა თუ ხარჯების გადანაწილებით მიაღწევენ. შემდგომში ვნახავთ. რაც შეეხება კოალიციის ლიდერის განცხადებებს ბიზნესთან, აქაც რაიმე კონკრეტული არ გაჟღერებულა, როგორც ჩანს უფრო კონკრეტიკას მთავრობის ფორმირების შემდგომ დავინახავთ. რაც ცხადია და მოსალოდნელიც იყო, ბიზნესმენებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ, ვინაიდან კოალიციის ლიდერი თავად გახლავთ ბიზნესმენი, მსხვილი ბიზნესმენი და აქ ქართული მსხვილი ბიზნესის მოლოდინიც ადექვატურია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე