ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კონტექსტის დამახინჯების გამო განმარტებებს აკეთებს. განცხადება მან Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
"გაზეთ "ნოვოე ვრემიას" ჟურნალისტის ევგენია ალბაცისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩემს ერთ-ერთ პასუხს მოჰყვა გაუგებრობა, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალე გავაკეთო შემდეგი განმარტება:
ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის საქართველოში დაბრუნებას, პოლიტიკასა და არჩევნებში ჩართვას შეეხებოდა, მე ვრცელი პასუხი გავეცი, გაზეთში კი მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა, რამაც მთლიანად შეცვალა და დაამახინჯა კონტექსტი.
ისე გამოვიდა, თითქოს მე სომხების მიკვირს აქ რომ ცხოვრობენ, როდესაც გვერდით მათი სამშობლოა.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა. ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს გახლავთ პირადად ჩემი მრწამსიც.
რაც შეეხება ინტერვიუს, ჟურნალისტის კითხვაზე მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აღფრთოვანებული ვარ სომხებისა და ებრაელების განსაკუთრებული ნიჭით, რომ შეუძლიათ იყვნენ მსოფლიოს მოქალაქეები, სადაც ცხოვრობენ, ყველგან წარმატებული არიან და ყველგან ძლიერი დიასპორა ჰყავთ. ქართველები კი, ისეთი უცნაური ხალხი ვართ, რომ, სამწუხაროდ, ვერსად მოვიკიდეთ ფეხი და ვერსად შევქმენით მძლავრი დიასპორა. ასეთი იყო პასუხის მთავარი კონტექსტი.
აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და აქ მცხოვრები ყველა ერისთვის სამშობლოა." - ნათქვამია განცხადებაში.