საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის კონსულტაციები გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარალმენტის თვამჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ვენეციის კომისიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ვენეციის კომისიის დელეგაცია ჟანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებისას აქცენტი რამდენიმე თემაზე კეთდება. მათ შორისაა, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები და ხელისუუფლების გადანაწილების პრინციპები, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი და კანონი მანიფესტაციების შესახებ.
როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის დელეგაციეს ხელმძღვანელმა აღნიშნა, პარლამენტში ყველა ამ თემაზე გაიმართა საუბარი.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი აქცენტი ძირითადად გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
ბაქრაძის თქმით, ვენეციის კომისია არის საქართველოს პარლამენტის ერთ ერთი მთავარი პარტნიორი და აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე მთელ რიგ კანონებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთ ასეთ მთავარ საკითხად პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" დაასახელა და აღნიშნა, რომ პარლამენტი მომავალი კვირიდან უკვე დაიწყებს ამ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას.