თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე "ლენტა რუ-სთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ივანიშვილის გუნდი არ მოსწონს. ბენდუქიძე "საზარელ გაზვიადებას" უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეფორმები საქართველოში ივანიშვილის ფულით ხორციელდებოდა და აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა "უკან გადადგმული ნაბიჯია". ბენდუქიძე არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვებას მხოლოდ ფულს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტის მძლავრი ოპოზიციის პირობებში", კანონიერი ქურდები საქართველოში დაბრუნებას ვერ შეძლებენ.
"მე არ მომწონს მისი გუნდი და ეჭვი მაქვს, არც მას მოსწონს. მაინცდამაინც არ მესმის არც ის მიდგომა, რომლის დეკლარირებაც მან არაერთგზის მოახდინა. ამბობდა, რომ ამ პროგრამაში ბიუჯეტი ჯერ გაურკვეველია, შესაძლოა, იგი უფრო ძვირიც დაჯდეს, მაგრამ არა უშავს, ჩემი ფულიდან დავამატებ. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ასეთი თანამედროვე საზოგადოებრივი წყობა, სადაც პრემიერ-მინისტრს ან პარტიის ლიდერს ბიუჯეტში თავისი ფული შეაქვს. ხვალ რომ გადაიფიქროს, მერე?" _ აცხადებს ბენდუქიძე და კითხვაზე - ტარდებოდა თუ არა ივანიშვილის ფულით რეფორმები, მათ შორის პოლიციის რეფორმა - ამას "საზარელ გაზვიადებას" უწოდებს.
"ეს საზარელი გაზვიადებაა. ის, ისევე როგორც სოროსი ეხმარებოდნენ რეფორმებისთვის არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში. შესაძლებელია მისი წვლილი მეტი იყო, ვიდრე სოროსისა - არ ვიცი.
არც ის ვიცი, რატომ წავიდა პოლიტიკაში. შესაძლოა, ამის ბევრი მიზეზი იყოს. მისი გამარჯვებაც უბრალოდ მეტყველებს ფულის როლზე პოლიტიკაში", _ აცხადებს ბენდუქიძე.
ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯია.
"ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ეს კანონიერი ქურდები დაბრუნებას პრეზიდენტის მძლავრი ოპოზიციის პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს შს, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების დანიშვნას. ამ პირობებში გავაკეთებთ ისე, რომ კანონიერი ქურდები ვარ მოვლენ, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისინი ივანიშვილის მხარეს მონაწილეობდნენ. ყველაფერი ეს დრამაა და არა ტრაგედია", _ აცხადებს ბენდუქიძე და აღნიშნავს, რომ მას არ სჯერა იმის, რომ ივანიშვილი "კრემლის პროექტია".
"არ მჯერა იმისა, რომ ის უბრალოდ გამოიძახეს და უთხრეს არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მაგრამ თქვენ როდესმე გიცეკვიათ უცნობ ქალთან? თქვენ ხომ წინასწარ შეთანხმებული არ იყავით ამაზე. ასეა ივანიშვილი და კრემლი - ამ გაგებით, კრემლს სააკაშვილის აუტანლობისა და საქართველოში სიტუაციის კონტროლის სურვილის პირობებში აქ ნებისმიერი ცვლილება აძლევს ხელს",_ აცხადებს ბენდუქიძე.