"სააკაშვილი ვერანაირ პოლიტიკურ კრიზისს ვეღარ შექმნის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში პირველ ოქტომბრამდე უკვე შექმნა, ამიტომ შექმნილი ვითარება ადეკვატურად უნდა გააცნობიერონ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ნება და ასპარეზი ახალ პოლიტიკურ ძალას დაუთმონ", - განაცხადა ბესელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რაიმე მანიპულაციას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
"მათი მხრიდან ნებისმიერი მანიპულაცია და მოქმედება ხალხის ინტერესების საზიანოდ საზოგადოების მხრიდან შესაბამისად იქნება აღქმული", - განაცხადა ბესელიამ.
მისი განცხადებით, პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გმირობა ჩაიდინა.
"სააკაშვილი ვერანაირ პოლიტიკურ კრიზისს ვეღარ შექმნის, რადგან მისი რეჟიმი დასრულებულია. ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა. სააკაშვილის მხარდამჭერებმაც კი ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს და მის რეჟიმს უნდობლობა გამოუცხადეს. ამიტომ ამ ყველაფერს ნუ მოვნათლავთ, როგორც სააკაშვილის წყალობად, რადგან ქართველმა ხალხმა ჩაიდინა გმირობა და საოცრება, როცა სააკაშვილის რეჟიმს აბსოლუტური უნდობლობა გამოუცხადა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესელიამ.