"ქართული ოცნებიდან" გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მანანა ბერიკაშვილს, არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. როგოც ბერიკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, კოლაგში მომხდარი ტრაგედიის გამო იგი თავს ცუდად გრძნობს, შეუძლოდაა და სახლშია.
„ძალიან ცუდად ვარ, საწოლში ვწევარ და კოლაგში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გურჯაანიდან არც კი გავსულვარ. ბიძინა ივანიშვილთანაც არანაირი დახურული თათბირი არ ყოფილა" - განაცხადა ბერიკაშვილმა.
გუშინ, მანანა ბერიკაშვილმა კოლაგში 10 თვის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ღვინიაშვილის დაპატიმრება ითხოვა, რომელიც კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან" გურჯაანის რაიონში იყრის. თავის მხრივ გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ცრუ დასმენისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებელია მისაცემი.
დღეს, „ქართული ოცნების ლიდერმა" ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა მანანა ბერიკაშვილზე. „ძალიან ცუდ დღეშია მანანა ბერიკაშვილი, რამდენჯერმე მეც დამიკავშირდა. დღეს ხელისუფლება ახერხებს, რომ პატარა ბავშვის ცხედარი არ გასცეს და მამას არ მისცეს ადვოკატები. 2 ადვოკატია უკვე ნაცემი და იქ საშინელი მდგომარეობაა" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
არჩევნების წინა დღეს, კახეთში სოფელ კოლაგში „ქართული ოცნების" მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის სახლში უცნობდმა პირმა ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.
იმავე საღამოს, 10 თვის ბარბარე რაფალიანი, სოფელ კოლაგში პაპის სახლში, საძინებელი ოთახის გვერდზე მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს.