პირდაპირ მინდა ვუთხრა ბერიკაშვილს, ალასანიას - ეს არის გაუგონარი უსინდისობა, - ასე მიმართა "მაესტროს" ეთერიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა გოკა გაბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს.
"პოლიტიკა მართლა არაფერ შუაში არ არის ახლა. ასეთი თემებით მანიპულირება, პირდაპირ მინდა ვუთხრა ბერიკაშვილს, ალასანიას, ვინც იქ არიან პოლიტიკოსები - ეს არის გაუგონარი უსინდისობა. ასეთი ბოროტება - ადამიანს ჩვილის მკვლელობა დააბრალო? - ან თქვენი სადეპუტატო სკამები რად ღირს ან პოლიტიკა რად ღირს? რეებს კადრულობთ? რეებს აკეთებთ? გულში რა გიდევთ? რა მეთოდებით იბრძვით? რაზე აშენებთ თქვენს პოლიტიკურ კაპიტალს?, - მიმართავს გაბაშვილი კოალიციის წევრებს. ნამუსი არ აქვს ან იმ ბერიკაშვილს, ან იმ ალასანიას", - განაცხადა განაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია ჩასულია და აუცილებლად გაირკვევა, რა მოხდა და ვინ ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ნაპოვნი ჩვილი ბარბარე რაფაიანცი გარდაცვლილია. არსებული ცნობით, 10 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.