"ნაციონალური მოძრაობიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი ცრუ დასმენისათვის.
"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ ძალიან მძიმე ფაქტია. უფრო მძიმეა, რომ ამ საშინელ ფაქტს მანანა ბერიკაშვილი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი ცრუ დასმენისათვის", - განუცხადა გიორგი ღვინიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
10 თვის ბარბარე რაფაიანცი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს.
მანანა ბერიკაშვილი კოლაგში 10 თვის გოგონას გატაცებისა გარდაცვალების ფაქტზე გიორგი ღვინიაშვილის დაპატიმრებას ითხოვს. "მანამდე ამ ოჯახის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტებს, დღეს საღამოს კი ბავშვი გაიტაცეს და მოკლეს. პასუხი უნდა აგოს გიორგი ღვინიაშვილმა, რომელიც ხელს უწყობდა რაიონში ძალადობას და მისი ხელდასმით განხორციელდა ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი", - განაცხადა ბერიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები