4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში~ საინფორმაციო ფორუმი გაიმართება.
როგორც ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში აცხადებენ, მსოფლიოში ყოველწლიურად 16 მლნ ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისთვის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონამდე გაიზრდება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს გაუსწრებს და დედამიწის მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში პირველ ადგილს დაიკავებს. უახლოეს ათწლეულებში ონკოლოგიური ავადობის მატების ტვირთი გადავა განვითარებად ქვეყნებზე, რომელთა რიცხვს საქართველოც განეკუთვნება.
საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებს მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში მეორე ადგილი უკავია. დღეისათვის საქართველოში აღრიცხვაზე 33 000-ზე მეტი ონკოლოგიური ავადმყოფია. ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების 7000-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება, დაავადებულთა შორის 150-ზე მეტი ბავშვია.
საქართველოში ყოველდღე დაახლოებით 20-ს, ანუ საათში ერთ ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი უდგინდება. ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე იზრდება. მაღალია კიბოს დაგვიანებული შემთხვევების რაოდენობა. უკანასკნელ წლებში ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების მხოლოდ 27,0%-ში აღინიშნება I-II სტადიის კიბო, 24,8%-ში - III სტადიის, ხოლო 48%-ში _ IV სტადიის კიბო.
ჯანმო-ს მონაცემებით, მწყობრი ონკოლოგიური სამსახურის არსებობის პირობებში შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნეების ერთი მესამედის თავიდან აცილება და ერთი მესამედის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება, ხოლო დარჩენილი ერთი მესამედი ორიენტირებული უნდა იყოს ადეკვატურ მკურნალობაზე და პალიატიურ მზრუნველობაზე.