ადამიანი თავისუფლებას მაშინ კარგავს, როდესაც სრულიად უსამართლო, აბსურდულ წესებს, ანუ უკანონობას აღიარებს და ემორჩილება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, მოქალაქეებს, მთავრობა თანაგრძნობისთვის არ სჭირდება, მათ სჭირდებათ თანაგრძნობის უნარი, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი.
"ადამიანი თავისუფლებას მაშინ კარგავს, როდესაც სრულიად უსამართლო, აბსურდულ წესებს, ანუ უკანონობას აღიარებს და ემორჩილება. ჩვენ რომც თავი მოვიტყუოთ და დავიჯეროთ, რომ ნიღბის ტარება დანაშაულია, რუსთაველზე მშვიდობიანად გამოსვლა დანაშაულია, დარბეული ადამიანებისთვის აირწინაღის შეძენა დანაშაულია, ფლომასტერით ბანერზე სიმართლის დაწერა დანაშაულია - მაშინ საკუთარი ნებით უნდა ვთქვათ უარი თავისუფლებაზე. ეს გააზრებული მონობაა. გააზრებულ მონობას კი დროებითი დისკომფორტი (პატიმრობა) განუზომლად სჯობს.
კიდევ ერთი იდეა, რომლის მნიშვნელობასაც „ქოცი“ ვერ იგებს, სოლიდარობაა. მარტოობა არა საკანში ყოფნა, არამედ თანაგრძნობის არარსებობაა, ადამიანებთან შინაგანი კავშირის გაწყვეტაა. ჩვენ, მოქალაქეებს, მთავრობა თანაგრძნობისთვის არ გვჭირდება. მათ სჭირდებათ თანაგრძნობის უნარი, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი. როდესაც არ გაქვს უნარი სოლიდარობით გამოწვეული სიხარული შეიგრძნო, სამუდამოდ უბედური ხარ.
შეიძლება, ჩვენ ზოგჯერ შეგვეშინდეს, ეს ადამიანურია; ზოგჯერ დავიღალოთ ან სევდა შემოგვაწვეს და ესეც ადამიანურია, მაგრამ სწორედ ამის დაძლევა და წინ წასვლაა ბრძოლა, რომლის საოცარი უნარი ხალხმა უკვე აჩვენა", - წერს ხოშტარია.