აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია ქალაქ სალონიკის მერს ვასილიოს პაპაგეორგოპულოს შეხვდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ექსპროპრირებული ქონების საერთაშორისო სასამართლოებში გასაჩივრებისა და ამ კუთხით ქართველ და ბერძენ ადვოკატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ბერძენი ბიზნესმენების დაინტერესების საქმეში სალონიკის მერის მონაწილეობის შესაძლებლობასაც შეეხო.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საბერძნეთის რესპუბლიკაში არსებულ დასასვენებელ ბანაკებში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გაგზავნასა და ქართული დიასპორის მდგომარეობის საკითხებზეც.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესა და ქალაქ სალონიკის მერს შორის ყველა განხილულ საკითხზე პოზიციების თანხვედრა მოხდა. ახლო მომავალში ვასილიოს პაპაგეორგოპულო საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
გიორგი ბარამია საბერძნეთიდან ხვალ დაბრუნდება.