,,ივანიშვილის გარემოცვა ფულს სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისთვის იყენებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
,,შსს მიერ გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები ცდილობენ ფინანსური რესურსები გამოიყენონ მხოლოდ იმისათვის, რომ მოახდინოს სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაცია, უფრო მეტიც ჩართონ დანაშაულში და ფულის გადახდის სანაცვლოდ დანაშაულის პროვოცირება მოახდინონ. ეს დაუშვებელი გზაა. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტია დაკავებული უნდა იყოს პოლიტიკური პროგრამის პოპულარიზაციით და არა მსგავსი ოპერაციების ჩატარებით, სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციით, მოქრთამვით და ადამიანების პროვოცირებით", _ განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები გამოავლინა, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი.
" ბოლო პერიოდში მსგავსმა ქმედებებმა ხშირი ხასიათი მიიღო. დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე", - განაცხადა ლევან წიკლაურმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
შსს-ში პოლიციელების და საჯარო მოხელეების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.