"ძალიან კარგად ვიცით და ბრმები არ ვართ: ჩვენ წინააღმდგეგ ძალიან დიდი რაოდენობის ბინძური, რუსული ფულია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში იუსტიციის სახლის გახსნაზე.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდი რაოდენობის რუსული ფული, რუსული მეთოდებით, რუსული კომპრომატების ომით შემოსულია საქართველოში და აწარმოებს კლასიკურ რუსულ კამპანიას იმისთვის, რომ საქართველო დააბრუნონ წარსულში და საქართველო დააბრუნონ რუსეთის იმპერიულ სივრცეში", -აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი დღეს თავად პრეზიდენტმა გახსნა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სერვისებს. აქ თავს მოიყრის 300-ზე მეტი სერვისი, მოქალაქეებს ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისებს. სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.