"არ მითქვამს, რომ პატრიარქზე ზეწოლა იყო", - განაცხადა "მეცხრე არხის" ეთერში პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ პატრიარქზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ შალვა რამიშვილის "დილაში" გაკეთებულ განცხადებას საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან ინტერპრეტაცია მოჰყვა.
"ასეთი განცხადებების შემდეგ საზოგადოების ნაწილს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს, რომ პატრიარქზე, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლის განხორციელება, ან თუნდაც მცდელობა იმდენად ადვილია, რომ ვისაც მოესურვება, ნებისმიერ დღეს შეიძლება ეკლესიის მსახურთ ხელი დაუქნიოს, განსაკუთრებით პატრიარქს და იმედი ჰქონდეს, რომ აზრს შეაცვლევინებს", - განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა, რომ პატრიარქზე ზეწოლა არ ყოფილა.
"პატრიარქზე ზეწოლა არ ყოფილა. არა იმიტომ, რომ ამის სურვილი ვინმეს არ შეიძლება ჰქონოდა. ამის ალბათობას გამოვრიცხავ. შეიძლება ამის სურვილი ბევრს აქვს, ჩემი საფუძვლიანი ეჭვია, მაგრამ იცის ხელისუფლებამ, რომ ნებისმიერი მცდელობა, უშედეგოდ დასრულდება, ამიტომ ზეწოლის დაწყებას აზრი არ აქვს. შესაბამისად, არ მითქვამს, რომ პატრიარქზე ზეწოლა იყო", - განაცხადა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ გუშინ დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის უშედეგო მცდელობის ფაქტი განხორციელდა.
"გუშინ მისმა უწმინდესობამ პირველი განცხადება, რომ გააკეთა დაახლობით სამს აკლდა 15 წუთი სონოდის და პირადად მისი სახელით, ხოლო სტუმრები მასთან მოვიდნენ სამ საათზე. თუ ზეწოლაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის მცდელობაზე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ უშედეგო მცდელობაზე", _ განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან იყო სურვილი, ინფორმაცია მიეწოდებინათ პატრიარქისთვის აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რეფორმირების ჩატარებას აპირებენ.
"როგორ აპირებენ რეფორმირებას?! ალბათ, უფრო დახვეწილი ცოცხები შემოაქვთ და ხელკეტები და უფრო ახალი თანამედროვე სტანდარტების გამოყენებას აპირებენ - ვერ გეტყვით. პატრიარქი არის ერის სულიერი მამა და მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს თუ აქვთ რაიმე სათქმელი, ბუნებრივია, ის უსმენს და დათა ახალაიას მისვლა, რომელიც დღეს არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჩემთვის მეტყველებს, რომ ის და მისი ოჯახი განაგებს დღეს მთლიანად პენიტენციალურ სისტემას. ეს ნათელია ჩვენთვის და საზოგადოებამ ეს იცის. ერთი შს სამინისტროშია, მეორე თავდაცვის სამინისტროში, მამა საერთოდ მაჟორიტარობის კანდიდატია, არ ვიცი, როგორი შინაგანი რწმენით იყრის კენჭს ზუგდიდში, სამეგრელოს რაიონში, რომელსაც თავისი თვალით აქვს გადატანილი ყველა ის უბედურება, რაც ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ უბრალოდ - გისოსებს გარეთ. ეს ოჯახი ერევა პენიტენციალურ სისტემაში, ეს არის ამის დასტური, თუ არა და, გენშტაბის რაღაც მაღალი თანამდებობის პირს, ბატონ თოფურიძეს საერთოდ რა უნდოდა მასთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით", _ აცხადებს ჟვანია.
მისი თქმით, ამ შეხვედრის მერე ნახევარ საათში კვლავ გავრცელდა საპატრიარქოს უკვე მეორე წერილობითი განცხადება, სადაც საპატრირქო გმობს აღნიშნულ ფაქტებს და უცხადებს საზოგადოებას, რომ პატრიარქის კურთხევით გადაიდო ფოთის საკათედრო ტაძრის საზეიმო კურთხევა და სხვა საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები, რომლებიც 23-ისთვის იყო დაგეგმილი.