აშშ-ის კონგრესი რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საჯარისო შენაერთების გაყვანას მოუწოდებს.
2012 წლის 19 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას (H. Res. 526) საქართველოს შესახებ. რეზოლუციით ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, უკანონო ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს საჯარისო შენაერთები.
კანონმდებლები ასევე მხარს უჭერენ აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში. რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და რეფორმების განხორციელებაში აშშ-ის მუდმივი დახმარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას. წარმომადგენელთა პალატა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.
რეზოლუცია ინიცირებულ იქნა კონგრესმენების ბილ შუსტერისა (რესპუბლიკური პარტია) და ელისონ შვარცის (დემოკრატიული პარტია) მიერ. „მე ვამაყობ დღეს, ჩემს კოლეგასთან ერთად, ამ რეზოლუციის წარდგენით. რეზოლუციის განხილვა ძალზედ დროულია, რადგან საქართველოში 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს" - განაცხადა კონგრესმენმა შუსტერმა. რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატის პირველი დოკუმენტია, რომელშიც ნახსენებია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაცია და რომელიც მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა. რეზოლუციის ტექსტი აღიარებს კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას და მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებმაც აღიარეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, გააუქმონ ეს გადაწყვეტილება. რეზოლუციის ტექსტით, კონგრესი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებს უზრუნველყონ დევნილების ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესი.
კანონმდებლები მხარს უჭერენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი ჩართულობის პოლიტიკას.
წარმომადგენელთა პალატა ასევე აღიარებს გამჭვირვალობისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს. კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განაგრძოს რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მედია თავისუფლებისა და გამჭვირვალობის, მთავრობის პასუხისმგებლობის, პოლიტიკური კონკურენციის, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განვითარებას და დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცებას.