"თუ ჩემი განცხადებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე, ბოდიშს ვუხდი", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა "ქართული ოცნების" წევრმა შალვა ხაჭაპურიძემ თავისი სიტყვების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეს განცხადება სხვა კონტექსტში გააკეთა.
"ეს განცხადება იმ კონტექსტში გავაკეთე, რომ ყველა ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს. დღეს კი არც ერთი ადამიანის უფლება დაცული არ არის. მათ შორის, არც ქართველების, არც სომხების", _ განაცხადა ხაჭაპურიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "აქცენტებში" ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ მას "ქართული ოცნების" წევრის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადება გაახსენა, კერძოდ: "არ ვართ არც ნაცისტები და არც ფაშისტები, მაგრამ საქართველო უნდა იყოს ქართველების. პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს თბილისი. ვიღაცეები ამ განცხადების გაკეთებას ერიდებიან, მაგრამ ამასობაში ბათუმი თურქულ ქალაქად გადაიქცა, თბილისი - სომეხთა ქალაქად", _ აცხადებდა ხაჭაპურიძე. ივანიშვილმა აღნიშნული ფაქტი შალვა ხაჭაპურიძის "ახალგაზრდა პოლიტიკოსობით" ახსნა და აღნიშნა, რომ ამის გამო მას ბოდიშს მოახდევინებდა.