საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს გააცნო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტი: "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით", რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა", - განმარტავენ საგარეო უწყებაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებსა და თანამშრომლობას გააგრძელებენ.