"წინასაარჩევნო პირობებში პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში სტუმრობისას და აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკოსსა და პარტიას აქვს შეუზღუდავი საშუალება, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია.
"მოგეხსენებათ, ახლა საარჩევნო პერიოდია და პარტიები გამალებით ეჯიბრებიან ამომრჩევლის ნდობის, განწყობის მოსაპოვებლად. ესეც ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარია. ყველა პოლიტიკოსსა და პარტიას აქვს შეუზღუდავი საშუალება, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია და საზოგადოების სამსჯავროზე მიიტანოს ქვეყნის განვითარების საკუთარი გეგმა. დემოკრატიის მონაპოვარია ისიც, რომ პარტიათა ხედვები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები ხშირად ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ.
"შეიძლება პარტიები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პირობებში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად, ხშირად ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ. ხშირად ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები არიან", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თავის პოლიტიკურ ამბიციებს სამშობლოს ინტერესებზე ცვლის.
"სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი წარმატებას, ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობის პერსპექტივა ვანაცვალოთ. სამშობლო თუ გვიყვარს და გვინდა ჩვენი შვილების მომავალი უკეთესი იყოს, უნდა გვესმოდეს - ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს მეფე ბაგრატის იდეა, ჩვენ გვაერთიანებს ის, რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა, ის რასაც ილია ჭავჭავაძე შეეწირა, _ ეს არის ერთიანი და წელში გამართული საქართველო", _ განაცხადა პრეზიდენტმა.