საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელსა და ექს-პრემიერმინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, ასევე იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობენ, "ვაიპოლიტიკოსებს" უწოდებს.
"ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსი დარბის საქართველოს დამპყრობელთან და იძახის, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვინ დაავალა, ვისი სახელით ჩადიან მოსკოვში, ვინმემ აირჩია, რამე თანამდებობა უკავიათ თუ რა?" - განაცხადა სააკაშვილმა ბორჯომში, მოსწავლეებთან შეხვედრისას და განმარტა, რომ "ასეთ ქართველ პოლიტიკოსებს სურთ საქართველოს შიდა საქმეები რუსეთთან შეათანხმონ".
"ისინი აღიარებენ იმას, რომ საქართველოს შიდა საქმეები აქ კი არ უნდა გადაწყდეს, არამედ ისევ მოსკოვში, როგორც ერთ დროს იყო. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ბოდიში, მაგრამ არის "ჩმორი", საქართველო არასდროს "დაჩმორდება" და არც მათ დააჩმორებინებს თავს", - განმარტა სააკაშვილმა.