იემენის დედაქალაქში სანაში აშშ-ში გადაღებული ანტიისლამისტური ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ფილმმა, რომლის ფრაგმენტებიც ინტერნეტ სივრცეშიც გავრცელდა მუსულმანური სამყაროს განრისხება გამოიწვია.
სანაში აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს. პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განახორციელა, როდესაც ბრბოს შეჩერებას ცდილობდა, თუმცა ბრბო ამან ვერ შეაჩერა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი და ათობით დაჭრილია.
ამის შემდეგ სანას უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნა შესაძლებელი საელჩოს შენობის კონტროლის ქვეშ აღება.
ამჟამად პროტესტი აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის კედლებთან მიმდინარეობს.