"ევროსაბჭოს დელეგაციას ის პრობლემები აწუხებს, რომელიც დღევანდელ საარჩევნო გარემოში დგას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ პოლარიზებულია.
"დელეგაციის განწყობა პოზიტიური და კარგია. ისინი ხედავენ, რამდენი რამ გაკეთდა საქართველოში და დღესაც რამდენი რამ კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იყოს. მეორე მხრივ, მათ აწუხებს ის პრობლემები, რომელიც დღევანდელ საარჩევნო გარემოში დგას. ძირითადად, მათი მხრიდან არის პოლარიზაცია. პოლარიზაცია, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემის საფუძველი და სათავეა. ყველას კარგად მოგვეხსენება, საიდან მოდის საარჩევნო გარემოს პოლარიზაცია. ხელისუფლებამა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინა წლებში პოლარიზაციის შესამცირებლად ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბოლო რვა თვეში, არა ჩვენი მიზეზით, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ ღრმად პოლარიზებულია. ამიტომ პოლარიზაცია იყო ის ძირითადი პრობლემა და რისკი, რომელიც, მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესში პრობლემას ქმნის", _ განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.