საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნატოს გენმდივნის განცხადებას ეხმიანება და ანდრეს ფოგ რასმუსენის მსგავსად, არ გამორიცხავს, რომ ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგილირებას, ურთიერთობის გამოსწორება თბილისსა და მოსკოვს შორისაც მოჰყვეს.
"ზუსტად უნდა მივხვდეთ ნატოს გენერალური მდივნის ლოგიკას: მან თქვა, რომ ალიანსი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს და რომ, ეს შესაძლოა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც აისახოს. ეს აბსოლუტურად სწორი თეზისია", - განუცხადა რასმუსენის განცხადებაზე კომენტირებისას ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, უკვე როგორც ნატო, ისე რუსეთიც აცნობიერებს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები "სერიოზულად გაფუჭებულია".
"ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ცივილიზებულად მოქცევას ისწავლის და გააცნობიერებს, რომ საერთაშორისო სამართალს 21-ე საუკუნეში ალტერნატივა არ აქვს", - განმარტა ვაშაძემ.