კახეთის საინფორმაციო ცენტრის მინფორმაციით, 9 სექტემბერს, საღამოს, თელავში, კოალიცია „ქართული ოცნების" აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილე ქისტ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ ჩამოსულები, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი დაშავდნენ.
დაზარალებული ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისე, რომ ექიმებს პირველადი დახმარების აღმოჩენა დამთავრებული არ ჰქონდათ, საავადმყოფოში პოლიციელები მივიდნენ და დაშავებულები სამმართველოში დაკითხვაზე წაიყვანეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, დაშავებულები პოლიციის სამმართველოდან გამოუშვეს. ხიზირ ქუშანაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ქართული ოცნების" წევრებმა თელავის საავადმყოფოში დააბრუნეს.
„აქციას ვესწრებოდით, აქციიდან კონცერტზე წამოვედით, ბიჭები იდგნენ, ახლოს რომ მივედით დააყარეს და ჩვენც მოგვხვდა. საავადმყოფოში გადაგვიყვანეს და იქიდან პოლიციამ დაკითხვაზე წამოგვიყვანა," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ანგელ ბორჩაშვილმა.
„როგორც თვითონ ყვებიან, 30-მდე კაცი ყოფილა და ურტყამდნენ ამ ორს, უგონოდ დააგდეს, სასწრაფო გამოიძახა ვიღაცამ და წაიყვანეს საავადმყოფოში, იქიდან პოლიციაში გადაიყვანეს. ძალიან დაზიანებულები არიან, ერთი თითქმის უგონოდ არის, ან საავადმყოფოდან როგორ წამოიყვანა პოლიციამ, ან საავადმყოფომ როგორ გამოატანა, არ ვიცი. პანკისიდან ძალიან ბევრი ქისტი იყო ჩამოსული მიტინგზე, პროვოკაცია იქნებოდა, „ქართული ოცნების" შეხვედრას რომ დაესწრნენ, ამის გამო მოხდა ალბათ," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" პანკისის ხეობის ზონის კოორდინატორმა მათე ქავთარაშვილმა.
„როგორც ჩანს, აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხი ფაქტიურად დაშლილი იყო, სამ ქისტ ახალგაზრდას, ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავს დაესხა 30-მდე პირი, მათგან ერთი არის სასტიკად ნაცემი, შესაძლოა ტვინის შერყევაც ჰქონდეს. ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების ჩვეული მეთოდი, რომელიც ასე ავლენს საკუთარი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას", - აღნიშნა „ქართული ოცნების" თელავის შტაბის უფროსმა ირაკლი სესიაშვილმა.
საავადმყოფოში ხიზირ ქუშანაშვილის მოსანახულებლად „ქართული ოცნების" თელავის, გურჯაანის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და კოალიციის სხვა წევრები მივიდნენ. მათ ექიმებს იმის გამო უსაყვედურეს, რომ პოლიციის თანამშრომლებს სასტიკად ნაცემი ახალგაზრდის დაკითხვაზე წაყვანის უფლება მისცეს.
თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგის გიორგი სვანიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული და სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდნენ, თუმცა ზურაბ ზვიადაურმა ქუშანაშვილი და ბორჩაშვილი დამატებითი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.