რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აგრესორის დამშვიდების გზით შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ აგრესორმა სახელმწიფომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში უკანონოდ დაიკავა ადგილი, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირს ეკავა, და ვეტოს იყენებს ომის დასრულების ინიციატივებზე.
„ამ ომის შეჩერება აგრესორის დამშვიდებით შეუძლებელია. ეს გაერო-ს დაუსჯელობის საბჭო არ არის, თუმცა რუსეთს ძალიან სურს, სწორედ ასეთი იყოს. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ რუსეთი ამ მაგიდასთან საბჭოთა კავშირის ადგილს უკანონოდ იკავებს. აგრესორი ამ მაგიდიდან უნდა გავიდეს. ამ საბჭოს მისია მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა. თუ რუსეთი მშვიდობას ვეტოს ადებს, ჩვენ რუსულ ომს უნდა დავადოთ ვეტო“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, ეს ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებას გულისხმობს, მათ შორის, „რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის მოთხოვნას, მისი ტერორის დამფინანსებელი რესურსების შეზღუდვას, სანქციების გაძლიერებას, რუსეთისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვას, მისი რეკრუტირების, დეზინფორმაციისა და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების მხილებას“.
სიბიჰამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, უკრაინას მიაწოდოს ყველაფერი, რაც ზამთარში მოსახლეობის დასაცავად სჭირდება, დაეხმაროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში და შეუერთდეს ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის ძალისხმევას.
„ყველა ქვეყანას, რომელიც უარს ამბობს რუსეთის ომის მხარდაჭერაზე, შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს მშვიდობაში. იმოქმედეთ ახლა. რუსეთი არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორადაც სურს, თავი წარმოაჩინოს, და არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორადაც ჩვენ გვსურს, რომ დავინახოთ. რუსეთი აღარ არის გლობალური ძალა. ის გლობალურ პრობლემად იქცა. ამ პრობლემას გლობალური გადაწყვეტა სჭირდება“, - თქვა სიბიჰამ.