ვინ არიან ბაღათურიას მოსკოველი მტრები და ვის შეხვდნენ კახა ლომაიას ძმა, იგორ გიორგაძე და თენგიზ კიტოვანი კონსპირაციულად ლენინის ქუჩაზე.
რა კავშირი აქვს "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი არქიტექტორის, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრისა და ამჟამად გაერო-ში საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას ძმას რუსულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულ, ნომერ პირველ ტერორისტად სახელდებულ, "კა-გე-ბე"-ს გენერალ იგორ გიორგაძესა და თავდაცვის მინისტრყოფილ, თბილისისა და აფხაზეთის ომების ერთ-ერთ შემოქმედ თენგიზ კიტოვანთან.
მართალია, პოლიტოლოგთა ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიტიკა კულუარების ხელოვნება, მაგრამ მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, რომ პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში, ქართული, სწორედ კულუარებში "კეთდება". ამავე კონტექსტში ისიც აღსანიშნავია, რომ პოლიტსუბიექტები, რომლებიც საჯარო გამოსვლებისას ერთმანეთს ტალახს ესვრიან და "თავ-პირს ამტვრევენ", კულუარებში ტკბილად "ჭუკჭუკებენ" ხოლმე. ნათქვამის საილუსტრაციოდ კონკრეტული ფაქტიც გამოდგება, რომლის შესახებაც "ჯი-ეიჩ-ენს" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა. ამ ისტორიაში ყველაფერი შეიძლება, აპრიორი, სიმართლე არაა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ წყარო კომპეტენტურია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ისტორია, რომელიც "ჯი-ეიჩ-ენს" უამბეს, _ არც მეტი, არც ნაკლები, _ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში რამდენიმე დღის წინ `მოხდა~. ამასთან, სიმბოლურია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ და ქვეყნიდან გაქცეული რამდენიმე პიროვნების კონსპირაციული შეხვედრა, ლენინის ქუჩის ნომერ 113-ში მდებარე ბიზნეს-ცენტრის მეშვიდე სართულზე შედგა.
მაშ ასე, რა კავშირი აქვს "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი არქიტექტორის, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრისა და ამჟამად გაერო-ში საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას ძმას რუსულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულ, ნომერ პირველ ტერორისტად სახელდებულ, "კა-გე-ბე"-ს გენერალ იგორ გიორგაძესა და თავდაცვის მინისტრყოფილ, თბილისისა და აფხაზეთის ომების ერთ-ერთ შემოქმედ თენგიზ კიტოვანთან და ვის სტუმრობდა ეს "შესანიშნავი სამეული" ლენინის ქუჩაზე მდებარე ბიზნეს-ცენტრში?
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კარგად ინფორმირებული კონფიდენციალური წყარი უყვება, კახა ლომაიას ძმა, რომელსაც, მოარული ინფრომაციით, რუსეთში წარმატებული ბიზნესი აქვს, იგორ გიორგაძე და თენგიზ კიტოვანი, რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ მინდია გულუას ესტუმრნენ. წყაროს თქმითვე, შეხვედრაში კიდევ ერთი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
რა იყო შეხვედრის მიზანი? _ ამის გარკვევამდე, მოდით, ზემოხსენებული პერსონების `ბეგრაუნდს~ გადავხედოთ:
მართალია, იგორ გიორგაძეს განსაკუთრებული წარსდგენა არ სჭირდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც ქვეყანიდან ტერორისტის იარლიყით გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრად დანიშვნა იმჟამინდელ სახელმწიფო მეთაურს კრემლმა აიძულა. გიორგაძეს არასოდეს დაუმალავს, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი იყო და ამას ისიც მოწმობს, რომ 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, მან თავი სწორედ ჩრდილოეთს შეაფარა და, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს ძებნა აქვს გამოცხადებული, ამ წლების განმავლობაში რუს სამართალდამცავებს გიორგაძის დაპატიმრება ყასიდადაც არ უცდიათ.
სხვათა შორის, 2001 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ითქვა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სააკაშვილს რუსული წარმოების "ბრონირებული" ავტომობილი _ შავი "ვილისი" გიორგაძემ აჩუქა. ასევე, ამბობენ, რომ `ნაციონალ~ ძმებ კუბლაშვილების მამა, იგორ გიორგაძის მამასთან, აწ განსვენებულ პანტელეიმონ გიორგაძესთან დაახლოებული პირი იყო და 90-იან წლებში ტყიბულში მის კომპარტიას ხელმძღვანელობლდა
ასევე, ყოველთვის "რუსეთის კაცად" ითვლებოდა თენგიზ კიტოვანიც, რომელიც წლებია, მოსკოვში ცხოვრობს.
რაც შეეხება კახა ლომაიას ძმას, გია ლომაიას, არსებული ინფორმაციით, ისიც დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ანუ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, კერძოდ, 1991 წელს კახა ლომაია მოსკოვში ჯერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ, შემდეგ კი, წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. უფრო ადრე კი, 1989 წლიდან, მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი გახლდათ და შესაძლოა, რუსულ პოლიტიკურ თუ ბიზნეს ელიტასთან გარკვეული შეხებაც ჰქონდა...
წყარო არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო ზემოხსენებული, ლენინის ქუჩაზე გამართული კონსპირაციული შეხვედრის ორგანიზატორი ასევე, უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდა "საიდუმლო სერობა", თუმცა ინფორმატორი ამბობს, საუბარი რამდენჯერმე გამწვავდა და გულუას მისამართით შეფარული მუქარაც გაისმა, რამაც ამ უკანასკნელის გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია, შესაბამისად, გულუამ ხმას აუწია და მუქარას მუქარითვე უპასუხაო.
საერთოდ, ბოლო დროს მინდია გულუა ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ფიგურირებს. ჯერ ერთი, კულუარებში თითქმის დადასტურებულად ამბობენ, რომ გულუამ თბილისის წყლისა და თბილგაზის უცხოელ მეპატრონეებთან შეთანხმებას მიაღწია და თვის ბოლომდე ორივე კომპანია მისი საკუთრება გახდება. მეორეც, გულუამ საქართველოში კავშირი ქარიზმატულ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან დაამყარა, რითიც ბაღათურიას პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ამასთან, 1 ოქტომბრის არჩევნებში გულუა მონაწილეობას ჯონდი ბაღათურიას `ქართულ დასთან~ ერთად მიიღებს და ამის გამო, როგორც ამბობენ, მხოლოდ სააკაშვილს კი არა, მძლავრ ოპოზიციურ კოალიციასაც `თავის ტკივილი~ გაუძლიერდა.
კონფიდენციალური წყაროს ინფრომაციით, ზემოხსენებული "შესანიშნავი სამეული", ანუ კახა ლომაიას ძმა - გია ლომაია, იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი და "უცნობი რუსი" მინდია გულუას სწორედ ბაღათურიაზე, `თბილგაზსა~ და თბილისის წყალზე სასაუბროდ ესტუმრნენ. კონსპირაციულ შეხვედრაზე სტუმრებს გულუასთვის კატეგორიულად უკითხავთ, ჯონდი ბაღათურიას რატომ ეხმარებიო. ბოლოს, ერთ-ერთ სტუმართაგანს, სავარაუდოდ, კახა ლომაიას ძმას გულუასთვის ისიც უთქვამს, ბაღათურიას ულტრა-ნაციონალისტის იმიჯი აქვს _ პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი კი არ უნდა ავაშენოთ, არამედ, მუსულმანი აჭარლები უნდა გაქრისტიანდნენო და ამ ქსენოფობის დახმარება კარგს არაფერს მოგიტანსო.
`ჯი-ეიჩ-ენი" იმის გასარკვევად, მოსკოვში, ლენინის ქუჩის ნომერ 113-ში ზემოხსენებული კონსპირაციული შეხვედრა მართლა გაიმართა თუ არა, "ქართული დასის" ლიდერს, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა, უფრო სწორად, განაცხადა, რომ მსგავს ჭორებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულიაო და იქვე, ჩვეული ტონით, დააყოლა, ყველამ თავის მამიდას მიხედოსო. ამ "მამიდის მიხედვაში", ხუმრობა ნამდვილად არ იგრძნობოდა...
ისე, სიტყვამ მოიტანა და, ჯონდი ბაღათურიას, როგორც კულუარებში ამბობენ, სააკაშვილი პირად მტრად მიიჩნევს. ეს გასაკვირიც არაა, რამეთუ მას შემდეგ, რაც პერზიდენტია, ანუ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, სააკაშვილს ყველაზე სერიოზული დისკომფორტი სწორედ ბაღათურიამ შეუქმნა _ 2012 წლის დასაწყისში, პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ პრეზიდენტს ბაღათურიამ კომპრომატები აუფრიალა, რამაც `ნაცმოძრაობის~ ლიდერს ნერვები ისე მოუშალა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. სხვათა შორის, იმხანად კულუარებში ითქვა, რომ პრესიდენტს დარბაზში დაბრუნება უცხოელმა დიპლომატებმა ურჩიეს...
ერთხანობას არსებობდა მოლოდინი, რომ ბაღათურიას "ქართული დასი" და ივანიშვილის "ქართული ოცნება" გაერთიანდებოდნენ, ეს ინფორმაცია კოალიციის პარტიული სიების წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ სიის ათეულში ბაღათურიაც უნდა ყოფილიყო. რა მოხდა ივანიშვილსა და ბაღათურიას შორის? _ ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა ბაღათურიამ ყველაფერი "შავ კატებს" დააბრალა...
ჩვენში დარჩეს და, `შავი კატები~ ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ახალი ტერმინია, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ "შავი კატების" წყალობით, ხშირად მოვლენები რადიკალურად იცვლება ხოლმე. ისე, ალბათ, სიმბოლურია, რომ იმ ფონზე, როცა ეუთო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში "ლენინიზმის" ნიშნებს ხედავს, ლომაიას ძმა, იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი, "უცნობი რუსი" და მინდია გულუა კონსპირაციულ შეხვედრას ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის ლენინის სახელობის ქუჩაზე მართავენ...
ცხადია, ძმის გამო პასუხს კახა ლომაია ვერ "აგებს", მაგრამ თავისთავად ლეგიტიმურია შეკითხვა, თუ რა საერთო აქვს გავლენიანი "ნაციონალის" ძმას თენგიზ კიტოვანსა და, მით უმეტეს, იგორ გიორგაძესთან?
"ჯი-ეიჩ-ენი", ირაკლი ჩხეიძე