"მე ვაცხადებ, რომ უმუშევრობის დაძლევა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი მთავრობისათვის, ჩვენი პარტიისათვის, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობისათვის", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ივანე მერაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ წინასაარჩევნო დებატებში, რომელშიც ასევე მონაწილეობენ "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გიორგი თარგამაძე და "ლეიბორისტული პარტიიდან" შალვა ნათელაშვილი.
"ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაიჯები და შევქმენით ახალი სამინისტრო - დასაქმების სამინისტრო, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით აღწერას, იმისათვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ თითოეული ოჯახი, თითოეული მოქალაქე - რეგიონებში, ქალაქებში ვინ არის სამუშაოს მაძიებელი და რა ტიპის სამუშაოს ვერ შოულობენ. რა ასაკის ადმიანებს არ აქვთ სამსახური", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე მიმდინარეონს იმის შესწავლა თუ რა მოთხოვნაა საქართველოს შრომის ბაზარზე.
მისივე თქმით, ნებისმიერი მინისტრის, ნებისმიერი გამგებლის, ნებისმიერი ჩინოვნიკის შეფასების კრიტერიუმი იქნება - თუ რამდენი სამუშო ადგილი შექმნა.
"ჩვენ ამ მონაცემთა ბაზის გათვალისწინებით დავეხმარებით ყველას იმას, ვისაც დასჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება, რათა თანამედროვეობის შესაბამისად დავაკმაყოფილოთ ის ადამიანები, რომელთაც დღეს არ გააჩნიათ სამსახური", - განაცხადა მერაბიშვიილმა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის ყველა მუხლი ითვალისწინებს დასაქმებას.
"ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ 4 მლრდ ლარის ინვესტიციას ველოდებით მომავალ წლებში, ეს არის 80 ათასამდე სამუშო ადგილის შექმნა. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ჩვენ ვამჩნევთ ძალიან ბევრ ტურისტს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთ წელიწადში 7 მლნ-ს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა. ეს არის დამატებით დასაქმებული 140 ათასი ადამიანი", - განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 17 ჰესის მშენებლობაზე დასაქმდება 13 ათასი მაღალკვალიფიციური ადამიანი.
"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვაპირებთ 5 ათასი ახალი გზის მშნებელობას ეს არის 40 ათასზე მეტი ახალი დასაქმებული. ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ ეს სენი საქართველოში, რომელიც საქართველოში წლების გამავლობაში არსებობდა და ისეთივე წარმატებით დავამრცხოთ ის, როგორი წარმატებითაც დავამარცხეთ, კორუფცია, კრიმინალი. ჩემი მუშაობის მთავარი გამოწვევა და ამოცანა იქნება, რომ საქართველოში შემცირდეს უმუშევრობა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.