კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება და ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეთა პროტესტის ჩახშობას ცდილობს.
ჩხარტიშვილის თქმით, დღეს საგადასახადო ინსპექციის შენობასთან დაგეგმილი იყო წერეთლის გამზირზე მდებარე ბაზრობა "პანდას" ტერიტორიაზე საგადასახადო ინსპექციის მიერ დალლუქული მაღაზიების მეპატრონეთა საპროტესტო აქცია, რომელთაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსერვატიულმა პარტიამ. ჩხარტიშვილის განცხადებით, მაღაზიების მეპატრონეთა უმრავლესობამ გადაწყვიტა აღნიშნული აქციის ჩატარების დროებით გადადება, რის მიზეზად მათი რიგი წარმომადგენლების მიერ დასახელებულ იქნა ის გარემოება, რომ ბაზრობა "პანდას" ადმინისტრაციის წარმომდგენლები მათ დღეს დილით ესაუბრენ და საგადასახადო ინპექციის მიერ შექმნილი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.
"ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს, როგორც ბაზრობა "პანდას" ასევე სხვა ბაზობებზე მდებარე მცირე მაღაზიებისა და სხვა მოვაჭრეების პროტესტს, რომლებიც დაზარალდენენ საგადასახადო ინპექციის რეპრესიული და უკანონო ქმედებების გამო. ჩვენი შეფასებით, სახეზეა ხელისუფლების და ბაზრობების ადმინისტრაციის მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მოვაჭრეთა პროტესტის ჩახშობას. როგორც ბაზრობებზე მდებარე მაღაზიების მფლობელებმა, ასევე სხვა მოქალაქეებმა აქტიურად უნდა გააგრძელონ ბრძოლა შელახული უფლებების აღსადგენად, რაშიც მზად ვართ მომავალშიც გვერდში დაუდგეთ მათ", _ აცხადებს ჩხარტიშვილი.