ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გააცილეს. ოფიციალური ცერემონია დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობას ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მიემგზავრებიან. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს. ქართულმა ბატალიონებმა მისიისათვის სპეციალური მომზადება გაიარეს. ექვსი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადის ხელმძღვანელობით მათ ინტენსიური მომზადება კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარეს. საქართველოს შემდეგ სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) მომზადდნენ.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.